დანართი N1

დამტკიცებულია შპს ახალი ქართული სკოლის

დირექტორის 2015 წლის 31 აგვისტოს N1/33 ბრძანებით

 

 

 

ქალაქ თბილისის შპს ახალი ქართული სკოლის   

 

შინაგანაწესი

 

 

 

 

 

თბილისი

2015

 

 

 

 

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

  • 1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ახალი ქართული სკოლა (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”)  შემუშავებულია  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.
  • თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო ახალი ქართული სკოლა არის ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და სკოლის წესდებით, შპს ახალი ქართული სკოლა ( შემდგომი -სკოლა) დამტკიცებულია 2011 წლის 5სექტემბრის N001-11 გადაწყვეტილებით და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის 06.09.2011 წლის გადაწყვეტილებით კანონითდადგენილი წესის შესაბამისად.
  • სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის  შესაბამისად და მოიცავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურს; სკოლა ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა ორჯერად კვებას.
  • სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას მოქმედი კანონმდებლობით ახორციელებს დამფუძნებელთა კრების მიერ მოწვეული დირექტორი. სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას.
  • სკოლას ჰყავს დამფუძნებელთა კრება, რომელიც აკონტროლებს სკოლის მიმდინარე საქმიანობას წესდების შესაბამისად.
  1. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
  2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში – დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
  3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
  4. 5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობების ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
  5. 6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  6. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო და დასვენების დრო;

ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;

გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;

ე) სამსახურეობრივი მივლინება;

ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ზ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;

თ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

ი) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;

კ) მოსწავლის პირადი გასინჯვა;

ლ) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები;

მ) განცხადების/საჩივრის განხილვა;

ნ) დასკვნითი დებულებანი.

 

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

შინაგანაწესის მიზანია:

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

 

 

თავი 2. სამუშაო და დასვენების დრო

 

მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

  1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება – მოვალეობანი.

2.სკოლაში დადგენილია კვირაში  5 დღიანი სასწავლო პროცესი.

3.საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;

ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

გ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

  1. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:30 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით. გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
  2. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 9:15 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვისა და სხვა თანამშრომლებისათვის მაქსიმუმ 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.
  3. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. პედაგოგის სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  4. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები.
  5. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლებისა) დასაშვებია 09:30 საათიდან – 10:00 საათამდე და 16:30 საათიდან 17:00 საათამდე.
  6. სკოლაში კატეგორიულად იკრძლება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია სკოლის დირექციის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
  7. სასკოლო დროის ფარგლებში სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

 

 

თავი 3.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

 

მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ზოგადი ფორმები;

  1. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.
  2. სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს:

ა) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;

 

 

თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

 

მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

  1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფოტოსურათი  ¾ დაბეჭდილი;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/ CV;

ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ)         პირადობის მოწმობის ასლი;

თ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება

  1. განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).
  2. კანდიდატების პირველადი შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით.
  3. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, ავტობიოგრაფია/ CV, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული, სერტიფიკატების ასლები;

 

 

თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები

 

მუხლი 7.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
    2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო   სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი.
  2. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
  3. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

 

მუხლი 8.  დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი:

 

  1. რეკომენდირებულია დასაქმებული იმოსებოდეს კლასიკურად (კლასიკური პიჯაკი, კოსტუმი, ჰალსტუხი, პერანგი, ქვედაბოლო და სხვ.).
  2. დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
  3. დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
  4. როგორც ქალი, ისე კაცი დასაქმებულისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
  5. კაბა, რომელსაც ქალი დასაქმებული ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს.
  6. ქალი დასაქმებულისათვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება.
  7. დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.

 

მუხლი 9. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

  1. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვამდე (ან საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშო დღისა.). ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
  2. შრომის ანაზღაურების გაცემის ადგილია ქალაქი თბილისი.
  3. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.
  4. თანამშრომლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მასწავლებლის ბრალით გამოწვეული საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.

5.დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან:

სკოლის დირექტორ უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომით ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომით ურთიერთობიდან გამომდინარე, თანამშრომელს სკოლისთვის აქვს გადასახდელი.

 

თავი 6. სამსახურეობრივი მივლინება.


მუხლი 10. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

 

  1. სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
  2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
  3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
  4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

 

თავი 7.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

 

მუხლი 11. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს შევებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
  2. უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
  3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
  4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
  5. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
  6. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
  7. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

 

მუხლი 12. საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

მუხლი 13. ანაზღაურების  გარეშე  შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
  2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

უხლი 14. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

  1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით.
  2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
  3. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

 

მუხლი 15. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

 

თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება

 

მუხლი 16. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

  1. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულობა;

დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ)  სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;

თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
  2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

თავი 9. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

 

მუხლი 17. წახალისების ფორმები

  1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

 

მუხლი 18. წახალისების გამოყენების წესი

  1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომლიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
  2. დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.
  3. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

 

მუხლი 19. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება.

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
  2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) სამსახურებრივ მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

გ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

დ) ზნეობრივ – ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.

ე) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

ვ) შრომის დისციპლინის დარღვევა;

ზ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა.

თ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;

ი) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

კ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ლ)  ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;

მ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ნ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;

ო) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:

ა)  წერილობითი გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ე) სამსახურიდან გათავისუფლება.

  1. დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:

ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;

  1. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური გამოიყენება:

ა) წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;

ბ) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის

ბ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;

  1. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:

 

ა) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;

ბ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

გ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;

დ)  სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;

ე)  უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

  1. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება:

ა) სასტიკი საყვეურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის რაც იმსახურებას   დისციპლინურ სახდელს;

ბ) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში;

  1. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:

ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

ბ) პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;

გ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,, მ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 20. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება.

  1. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

ა) დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს,  პედაგოგიურ საბჭოს,   საგნობრივ კათედრებს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;

ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე,  დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;

გ) წინამდებარე შინაგანაწესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი პედაგოგსა და თანამშრომელს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;

დ) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;

ვ) დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;

ზ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები;

თ) დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი  დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება დასაქმებულის  პირად საქმეში;

ი) დისციპლინარული გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას  წყვეტს სკოლის დირექტორი;

 

 

მუხლი 21. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

  1. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
  2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.
  3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

 

მუხლი 22. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე  მოხსნა

  1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
  3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
  4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
  5. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

მუხლი 23. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) სკოლის არასაპატიო გაცდენა;

ბ) დაგვიანება;

გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

ე) მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

2.მოსწავლეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:

ა) სიტყვიერი შენიშვნა;

ბ) წერილობითი გაფრთხილება

გ) საყვედური;

დ) გაკვეთილიდან გაძევება შესაბამისი პირის მეთვალყურეობის ქვეშ;

ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

ზ) საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით;

  1. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს მოსწავლის პატივსა და ღირსებას, საფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 

მუხლი 24.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

  1. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:

ა) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;

ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსწავლის სახელი და გვარი, ასაკი, კლასი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;

გ) წინამდებარე შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს;

დ) წინამდებარე შინაგანაწესის 23-ე მუხლის მეორე  პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს დირექტორთან შეთანხმებით. აღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელი;

ე) წინამდებარე შინაგანაწესის 23-ე მუხლის მეორე  პუნქტის ,,ა“, ,,ბ“,,გ“ და ,,ე“ (5 დღემდე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის  23-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ე“ (5-10 დღემდე) და ,,ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მოსწავლეს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;

ვ) დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

ზ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდან. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

თ) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;

ი) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

კ) დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

ლ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები;

  1. 2. მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს. მესამეჯერ დაშვებული გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს, უხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.
  2. 3. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
  3. 4. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სკოლის დირექტორთან.

 

მუხლი 25. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები:

  1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას:

ა) თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;

ბ) ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.

  1. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, კლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
  2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
  3. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
  4. წარმატებული მოსწავლე შეიძლება წახალისებული იქნეს დიპლომით,სიგელიტ და ფასიანი საჩუქრებით.

 

თავი 10. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

მუხლი 26. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

  1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
  2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

გ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;

დ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ვ) ჯანმრთელობის ცნობა.

  1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
  2. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე;

გ) მიმდინარე შეფასება;

ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

ზ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;

თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.

  1. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
  2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
  4. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე ჩაუტაროს გასაუბრება.
  5. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.

 

თავი 11. მოსწავლის პირადი გასინჯვა

 

მუხლი 27. პირადი გასინჯვა

  1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
  2. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
  3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.
  4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
  5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

 

 

თავი 12. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.

 

მუხლი 28. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

 

  1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანითარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სკოლაში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება.
    დასაქმებული ვალდებულია:
    ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
    ბ)შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები
    გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;
    დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
    ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
    ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
  4. დასაქმებულების, მოსწავლეები, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
  5. სკოლაში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა) ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

 

თავი 13. განცხადების/საჩივრის განხილვა

 

მუხლი 29.  განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

  1. სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
  2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
  3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

მუხლი 14. უსაფრთხო სკოლა

8.1 სკოლა (სკოლის დირექტორის მეშვეობით) ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

8.2 სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.

8.3 სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

8.4სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანების, გარეშე პირების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა.

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა.

გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა.

დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

8.5 მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლიოდ სკოლის დირექტორის მიერ დადგენილი წესის საფუძველზე, რომელიც გამომდინარეობს მოსწავლეთა ქცევის და მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის შესაბამისად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

8.6 სასკოლო დისციპლინის განმტკიცებისათვის შინაგანაწესით დადგენილი წესების გარდა სკოლაში შექმნილი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება სკოლის დირექტორის მიერ დამატებით შემოღებული იქნას დროებითი განმკაცრებული წესები, რომლებიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

8.7 მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისაგან განცალკავებით უნდა ინახებოდეს.

8.8 სკოლას უფლება აქვს მოთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომლობა.

8.9 დაუშვებელია. გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.

8.10 მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, ასევე მათ გაერთიანებას აქვთ წინასწარი წერილობითი შეტყობინებების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება, თუ ეს არ არის მიმართული სკოლი და პიროვნების ღირსების და სახელის შელახვისაკენ.

8.11 სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.

8.12 გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით და დირექტორის თანხმობით, გარდა საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

8.13 სკოლა უფლებამოსილია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და გარეშე პირს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

8.14 დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თვისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირათესობის მინიჭება ამ რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება.

8.15 საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.

8.16 დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყონებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.17 სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების  მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქესით.

მუხლი 15 სკოლის სტრუქტურა

  1. დამფუძნებელთა საბჭო.
  2. დირექტორი.
  3. ფინანსების მენეჯერი/ბუღალტერი.
  4. სასწავლო პროცესის მენეჯერი.
  5. საქმის წარმოების მენეჯერი.
  6. სამეურნეო საკითხების მენეჯერი.
  7. სამედიცინო სამსახური.
  8. შიდასასწავლო რესურს-ცენტრი (ბიბლიოთეკა).
  9. პედაგოგიური საბჭო.

 

თავი 16. დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 30. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

 

  1. შინაგანაწესს ამტკიცებს სკოლის დირექტორი და უზრუნველყოფს მის გაცნობას პედაგოგიური შესაბამისი პირებისათვის.
  2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
  3. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  4. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს.